რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანის შესახებ.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.
შენობასთან ე.წ.უშიშროების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ე.წ. სამართალდამცავებს ტერიტორიის გადაკეტვა სატვირთო მანქანით სურდათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მინები ჩაამტვრიეს და არსებული ღობის ნაწილი მოგლიჯეს.
ამავდროულად, თავად შენობა "ძალოვანების“ მიერ არის შემოზღუდული.
ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერები იდგნენ კორდონის წინ და ისვროდნენ მინის ბოთლებს, კვერცხებს და სხვა საგნებს
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ღობის მეორე ნაწილი დაანგრიეს და კორდონისკენ აალებადი საგნების სროლა დაიწყეს.
საპასუხოდ, „უშიშროების ძალებმა“ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ე.წ. პარლამენტის შენობასთან ისმოდა გასროლის მსგავსი ხმები.
რუსული „ტელეგრამის“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტის შენობასთან დილიდან განვითარებული მოვლენების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.