რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
შენობასთან ე.წ.უშიშროების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები დაიწყო.
ე.წ. სამართალდამცავებს ტერიტორიის გადაკეტვა სატვირთო მანქანით სურდათ, თუმცა აქციის მონაწილეებმა ავტომობილის მინები ჩაამტვრიეს და არსებული ღობის ნაწილი მოგლიჯეს.
ამავდროულად, თავად შენობა "ძალოვანების“ მიერ არის შემოზღუდული.
ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერები იდგნენ კორდონის წინ და ისვროდნენ მინის ბოთლებს, კვერცხებს და სხვა საგნებს
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ღობის მეორე ნაწილი დაანგრიეს და კორდონისკენ აალებადი საგნების სროლა დაიწყეს.
საპასუხოდ, „უშიშროების ძალებმა“ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ე.წ. პარლამენტის შენობასთან ისმოდა გასროლის მსგავსი ხმები.
ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. პარლამენტმა მიიღო "კანონპრიექტი" „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“, რომელიც რუსეთთან ინვესტიციების შესახებ ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმების ზოგიერთ კონცეფციას არეგულირებს. "ოპოზიცია" ამბობს, რომ საუბარია აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვაზე და "დოკუმენტის" რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ამასთან, 11 ნოემბერს საღამოს ე.წ. პარლამენტის წევრთან შეხლა-შემოხლაში მონაწილეობის შემდეგ აფხაზეთის „ოპოზიციის“ ხუთი აქტივისტი დააკავეს, თუმცა ხუთი დაკავებულის საქმე დაიხურა.
12 ნოემბერს, გვიან ღამით ოპოზიციის მხარდამჭერებმა გუმისთას და კოდორის ხიდები გადაკეტეს. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა.