აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას განიხილა ომი უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია.
ამის შესახებ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რესპუბლიკელის თქმით, მას და ბაიდენს ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ თეთრ სახლში.
„გრძელი გზა იყო. ორივე მხარემ იმუშავა, მანაც კარგად გაართვა თავი წინასაარჩევნო კამპანიას და სხვა ყველაფერს. ჩვენ ნამდვილად ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.
მან დაამატა, რომ ბაიდენთან განიხილა ორი საკითხი, რომლებზეც წარსულში ისინი ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ: ომი უკრაინაში, რომლის დასრულების პირობა ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე დადო და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი.
„ვკითხე [ბაიდენს] მისი შეხედელუბები, და მან გამაცნო. გარდა ამისა, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ახლო აღმოსავლეთის შესახებ. მინდოდა გამეგო მისი შეხედულებები სად ვართ და რას ფიქრობს. და მან ეს შეხედულებები გამაცნო, ის ძალიან კეთილი იყო“, - თქვა ტრამპმა.
არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენთან მორიგი შეხვედრა თეთრ სახლში მის ინაუგურაციამდე, 20 იანვარამდე გაიმართება და აღნიშნა, რომ ოვალური კაბინეტი, სადაც მათ ისაუბრეს,"ძალიან ლამაზი" იყო.
მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.