დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დაიყვანო მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. პრობლემა არის ივანიშვილის მმართველობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპებს და მიისწრაფვის დიქტატურისკენ, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონზე ისაუბრა. “სასურველია, საზოგადოების თვალწინ წარიმართოს „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებთან დაკავშირებით დისკუსია, თუ იქნება არგუმენტებზე დაფუძნებული დისკუსია, მზად ვართ, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა“, - თქვა კობახიძემ.
ანა წითლიძე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვიცით როგორიც არის ივანიშვილის სტილი, მას ეხერხება რაღაც პრობლემის შექმნა, შემდეგ ამ პრობლემის მოგვარებაზე ივაჭროს უფრო დიდი პრობლემის გადასაწყვეტად თავისთვის, ამიტომ მცდელობა, რომ დღეს ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაიყვანო მხოლოდ ორი კანონის გაუქმებაზე, არ არის ის, რაც ამ ქვეყანას უჩერებს ევროპულ მომავალს. დღეს პრობლემა არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მმართველობა დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფა, ოლიგარქიული რეჟიმი, დიქტატორისკენ სწრაფვა, „ქართული ოცნების“ ხელში არსებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. რომელიც განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს ამ ქვეყანას, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფერში არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის შედეგადაც ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატიული ინსტიტუტები და ეს ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას.“- განაცხადა ანა წითლიძემ.