მიუხედავად იმისა, რომ ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლეობას რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ. იტყობინება გამოცემა The Hill-ი საპროგნოზო სააგენტო Decision Desk HQ-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკელებს სულ მცირე 218 მანდატი გარანტირებული აქვთ წარმომადგენელთა პალატაში, რაც საკმარისია უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.
შედეგად, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონტროლს მოიპოვებს კონგრესის ორივე პალატაზე, რაც საშუალებას მისცემს მას თანამდებობის დაკავებისთანავე, შეუდგეს გადასახადების შეკვეცისა და ფედერალური მთავრობის შემცირების პოლიტიკის განხორციელებას.
რესპუბლიკელებს უკვე აქვთ სენატში უმრავლესობა, მოიპოვეს რა სულ მცირე 52 მანდატი, დემოკრატების 46 მანდატის წინააღმდეგ. ხმის დათვლა გრძელდება პენსილვანიის შტატში, სადაც რესპუბლიკელების კანდიდატი ლიდერობს. მეინის და ვერმონტის შტატებში დამოუკიდებელმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ტრადიციულად ლიბერალური განწყობების არიან.
დონალდ ტრამპის ძალაუფლებას კიდევ უფრო აძლიერებს უზენაესი სასამართლო, რომლის უმრავლესობა კონსერვატორი მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. სასამართლოს 9 წევრიდან 6 მკაცრი კონსერვატიული ხაზის მიმდევარია. მათგან 3 ტრამპმა დანიშნა მისი პირველი ვადისას.
კონგრესის ახალი შემადგენლობა მუშაობას 3 იანვრიდან შეუდგება.