აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველის თანამდებობებზე მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის კანდიდატურებს განიხილავს.
მედიის თანახმად, პოლიტიკოსები მიეკუთვნებიან "რესპუბლიკელი ქორების" ფრთას და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი უკრაინის მხარდასაჭერად, ვიდრე კლასიკური ტრამპისტები.
ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურეს მათმა კოლეგებმაც, კერძოდ, ფლორიდის კიდევ ერთმა სენატორმა რიკ სკოტმა.
რიკ სკოტმა განაცხადა, რომ რუბიო აღადგენს ამერიკის ლიდერობას მსოფლიოში.
მომავალი სახელმწიფო მდივანი კონგრესმა მომავალ წელს უნდა დაამტკიცოს.
რუბიო მხარს უჭერდა 2024 წლის უკრაინის დახმარების პაკეტს და საუბრობდა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ამასთან, საჯაროდ აკრიტიკებდა თანაპარტიელებსაც კი, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის დახმარების აუცილებლობაში.
მარკო რუბიო 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავეა.
"[ვლადიმირ პუტინი] უდავოდ სამხედრო დამნაშავეა. სამშვიდობო მოსახლეობის მიზანში ამოღება, სამოქალაქო ობიექტების, საავადმყოფოების განურჩეველი დაბომბვა, სნაიპერული ცეცხლის გახსნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჰუმანიტარული კორიდორით ცდილობენ გასვლას - ეს დე ფაქტო სამხედრო დანაშაულებია." - ამბობდა რუბიო.
მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ მან გარკვეულწილად შეცვალა რიტორიკა ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით, მაგრამ რჩება რესპუბლიკურ ბანაკში, რომელიც უფრო ხელსაყრელია უკრაინისთვის.
ამასთან, მარკო რუბიო ისრაელის უდიდესი მხარდაჭერია და მიაჩნია, რომ ჰამასი სრულად უნდა განადგურდეს, წინააღდმდეგ შემთხვევაში მშვიდობა შეუძლებელია. ასევე, რუბიოს აზრით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა უნდა იყოს მეტად ხისტი და აშშ-ის ეროვნული ინტერესების გამომხატველი.
ასევე, მარკო რუბიო ჩინეთთან დაპირისპირებაში უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების მომხრეა და მხარს უჭერს პოლიტიკას, ჩინური გავლენების შესამცირებლად.
ინფორმაცია, რომ ტრამპი რუბიოს განიხილავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გაავრცელა გამოცემა Politico-მ.
11 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა დაწერა, რომ არჩეული პრეზიდენტი, როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს წარადგენს. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იმავეს იუწყება ტელეკომპანია CNN-იც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა თანახმად, დონალდ ტრმპმა შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.
მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.
კონგრესმენი მაიკ უოლცი, რომელიც ასევე არჩეულია ფლორიდადან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობაზე განიხილება.
უოლცი, ისევე როგორც რუბიო, ცნობილია თავისი მკვეთრი ქორისებური საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება არჩეული პრეზიდენტის საჯარო პოზიციისგან.
უოლცს აქვს პენტაგონის მრჩევლის გამოცდილება და ასევე მუშაობდა თავდაცვის სექტორში, როგორც კონტრაქტორის მენეჯერი.
წარმომადგენელთა პალატაში ის ყურადღებას ამახვილებდა ჩინეთთან დაპირისპირებაზე და ჩინურ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაზე. ის რესპუბლიკურ პარტიაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, ის მხარს უჭერს უკრაინის დახმარების გაგრძელებას, მაგრამ აქცენტს აკეთებს ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფინანსების ხარჯვის კონტროლზე.