რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუმისთის ხიდი გადაკეტეს და დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
მედიის ცნობით, შეკრებილების მოთხოვნა იყო „ოპოზიციაში მყოფი უკანონოდ დაკავებული პირების“ გათავისუფლება, რომლებიც „რუსული ინვესტიციების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.
დაძაბულობის ფონზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 12 ნოემბერს, გვიან ღამით ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბჟანიას მიერ მოწვეულ სხდომაზე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუჩუბერიამ განაცხადა, რომ ამ სამსახურის შენობის ჭიშკართან „არეულობების დროს დაფიქსირებულია თანამშრომლებზე ფიზიკური ზემოქმედების შემთხვევები“, ერთ-ერთი პირი კი თავისი ავტომანქანით ცდილობდა ჭიშკრის შენგრევას. ქუჩუბერიას თანახმად, ამ პირის ვინაობა დადგენილია და დააკავებენ.
11 ნოემბერს, საღამოს სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ აფხაზეთში დააკავეს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია და ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში გადაიყვანეს.