საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამდე,ვიდრე საჭირო იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას. ამის შესახებ განაცხადეს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე.
სტარმერი გაემგზავრა საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს პირველი მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ლიდერმა დაადასტურა უკრაინისადმი "ურყევი" მხარდაჭერის ვალდებულება.
დაუნინგ სტრიტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები მომავალი ზამთრის წინ.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და გამოთქვეს შეშფოთება ღაზასა და ლიბანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.