საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის - ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი, თუ ამხანაგობა, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ცენტრალური გათბობის მფლობელ მოხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის შესაბამისად.
მაგალითად, თუ საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის - ცენტრალური გათბობის სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით.
ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. საგულისხმოა, აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე.
მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების მიზნით სემეკის ახალი რეგულაცია ხელს უწყობს:
- გათბობასა და ცხელ წყალზე დანახარჯების შემცირებას;
- ბინაში ინდივიდუალური ქვაბის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების არიდებასა და საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებას;
- ცენტრალური გათბობის სისტემის მაღალ ენერგოეფექტურობას;
- განახლებადი ენერგიის (მზის, გეოთერმული, ბიო ენერგიის და სხვა წყაროების) ათვისებას;
- ნამწვი აირების გაფრქვევის შემცირებასა და კონტროლს.
ცენტრალური გათბობის სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema