ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, შესაძლოა, ზეწოლა მოახდინოს კიევზე უარი თქვას ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, აშშ-ის საზღვაო ძალების გადამდგარმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა.
„ვვარაუობ, რომ ის [ტრამპი] განახორციელებს ზეწოლას, რათა ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს - საბოლოოდ [რუსეთი] შეინარჩუნებს ტერიტორიებს, რომლებიც ამჟამად [მისი] კონტროლის ქვეშ იმყოფება”, - ამის შესახებ სტავრიდისმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით,, პუტინს დარჩება უკრაინის 20 პროცენტი, 80 პროცენტი კი იქნება დემოკრატიული და თავისუფალი უკრაინა.
ადმირალის თქმით, ტერიტორიების ნაწილის დათმობასთან ერთად, „უკრაინას გაეხსნება თავისუფალი გზა ნატო-სკენ“, ამ შემთხვევაში, უკრაინა ალიანსში, შესაძლოა სამ-ხუთ წელიწადში მიიღონ.
სტავრიდისის თქმით, „ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი“ და „ალბათ ასე დასრულდება [უკრაინის კრიზისი]“.
ნატო-ს ევროპის მოკავშირეთა ძალების ყოფილი მთავარსარდალი ასევე მიიჩნევს, რომ ტრამპი ზეწოლას მოახდენს ევროპულ ქვეყნებზე, რათა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.