აშშ-ის ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს ბრალი წაუყენა.
იუსტიციის დეპარტამენტმა 51 წლის ირანის მოქალაქის, ფარჰად შაკერის წინააღმდეგ ბრალდება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას დავალებული ჰქონდა ტრამპის მოკვლის გეგმის შემუშავება.
აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული დაკავებული არ არის და ის სავარაუდოდ ირანში იმყოფება.
მანჰეტენის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, სექტემბერში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრმა შაკერს დაავალა ტრამპის თვალთვალი და მკვლელობის გეგმის შემუშავება, შვიდი დღის ვადაში.
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, თავდასხმის მოტივი იყო ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიება, რომელიც 2020 წელს დაიღუპა ერაყში აშშ-ის თავდასხმის დროს, ტრამპის პრეზიდენტობისას
სამინისტროს ინფორმაციით, ირანელ ფარჰად შაკერისთან ერთად ბრალდებულები არიან ნიუ იორკში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეები, კარლაილ რივერა და ჯონათან ლოდჰოლტი.