ამსტერდამში მომხდარი თავდასხმა არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქვეყნებისთვის, რომლებიც იცავენ თავისუფლების ღირებულებებს, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა.
„დღეს დილით გავიღვიძეთ და ვნახეთ შემაძრწუნებელი სურათები და ვიდეოები, რომელთა ნახვაც 7 ოქტომბრის შემდეგ ვიმედოვნებდით, რომ აღარ მოგვიწევდა. ეს არის სერიოზული ინციდენტი, გამაფრთხილებელი ნიშანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, დაიცვას თავისუფლების ღირებულებები“, – წერს ჰერცოგი სოციალურ ქსელში.
ჰერცოგის თქმით, ენდობა ნიდერლანდების ხელისუფლებას, რომ „დაუყოვნებლივ იმოქმედებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას თავდასხმის ქვეშ მყოფი ყველა ისრაელელის დასაცავად, მოსაძებნად და გადასარჩენად”.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამი ისრაელელი დაკარგულია.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს საღამოს ამსტერდამში „აიაქსი“ და ისრაელის კლუბი Maccabi Tel Aviv თამაშობდნენ. შეხვედრის შემდეგ ისრაელელ გულშემატკივრებს პროპალესტინული ჯგუფები თავს დაესხნენ. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 10-მდე პირი, დაკავებულია 57 ადამიანი.