მედიის ცნობით, ამსტერდამში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ, რომელშიც ისრაელის ნაკრები მონაწილეობდა არეულობა დაიწყო, არეულობა იყო თამაშის დაწყებამდეც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამსტერდამში ორ თვითმფრინავს გაგზავნის, რათა ისრაელის მოქალაქეები სახლში უსაფრთხოდ დააბრუნონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხუთშაბათს საღამოს ამსტერდამში „აიაქსი“ და ისრაელის კლუბი Maccabi Tel Aviv თამაშობდნენ.
პროპალესტინელ აქტივისტებს სურდათ სტადიონთან ისრაელის გუნდს საპროტესტო გამოსვლით დახვედროდნენ, მაგრამ მერმა მათ პროტესტის ნებართვა უსაფრთხოების მიზნით არ მისცა.
საღამოს 7 საათზე დაახლოებით 300 აქტივისტი მაინც შეიკრიბა სტადიონის მიმდებარედ და ცდილობდა საფეხბურთო არენასთან მიახლოებას. აქტივისტები სკანდირებდნენ "თავისუფალი პალესტინისთვის", "სამართლიანობის გარეშე არ იქნება მშვიდობა", "ალაჰ აკბარი", ასევე ისმოდა შეძახილები პოლიციელების წინააღმდეგ. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს სტადიონთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცეს.
არეულობები იყო მატჩის დაწყებამდეც, რის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მატჩის შემდეგ კი ამსტერდამის რამდენიმე ადგილას, მათ შორის ცენტრში, არეულობები დაიწყო.
მედიის ცნობით, როდესაც ისრაელის ნაკრების გულშემატკივრები ცენტრამდე მეტროთი მივიდნენ, პროპალესტინელი აქტივისტები ანტიისრაელის ლოზუნგებით დახვდნენ და მათი მიმართულებით საგნების სროლა დაიწყეს.
პოლიციამ ისრაელელები სასტუმრომდე გააცილა.
პარალელურად, X-ზე გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ რიგ შემთხვევებში ისრაელის ნაკრების გულშემატკივრებს ჩაუსაფრდნენ და სასტიკად სცემეს.
ასეთი ვიდეოები აშშ-ში ისრაელის საელჩომაც გაავრცელა.
მოგვიანებით პოლიციაში მედიას განუცხადეს, რომ დაშავებულია ათამდე პირი, დაკავებულია 57 ადამიანი.