საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთა კომენტარი.
ემანუელ მაკრონმა, დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით, ისაუბრა სერიოზულ დარღვევებზე, რომლებიც დაფიქსირდა საარჩევნო კამპანიის დროს და კენჭისყრის დღეს:
„დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის [განხილვის] საკითხი.
მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა [დემოკრატიაზე]: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა.
მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს“, - განაცხადა მაკრონმა.
მანამდე ვაიმარის სამკუთხედის წარმომადგენლებმა (საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც გამოხატეს შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ.