"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
„შესავალ სიტყვაში ავხსენი, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს ჩათვლით, საერთოდ როგორ მოხდა საქართველოს მოქალაქეების ნების და არჩევანის მიტაცება. დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის, სადაც ძირითადად მიწევდა მითითება სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. ზღვა მასალა არის განთავსებული სხვადასხვა ვებ-გვერდებზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს. თუ ვინმეს რეალურად აინტერესებს ნახვა, მაგის პრობლემა არ არის. სინამდვილეში, არჩევნების გაყალბება არ არის მარტო არჩევნების დღეს, არჩევნები გაყალბება არის წინასაარჩევნო პერიოდშიც და ახლა რასაც ვაკეთებთ, აქ რომ ვდგავარ და მიწევს სიარული და კითხვებზე პასუხების გაცემა, ესეც არჩევნების გაყალბების გაგრძელებაა. ვინმეს სჯერა, რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს?! ესეც არის არჩევნების გაყალბების გაგრძელება, რომ აქეთ ჩვენ გვთხოვს მტკიცებულებების მიტანას პროკურატურა, რომელიც თვითონ უნდა ეძებდეს ამ მტკიცებულებებს და რომლითაც სავსეა მთელი მედია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები არ მოუწოდებია.
"მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს," - განაცხადა პროკურორმა.