მაგისტრი მოსამართლის წინაშე "ძლიერი საქართველოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა დასრულდა. მანსასამართლო სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით მისი შეფასებები არ აინტერესებდათ.
„ქვეყანაში არის სავალალო მდგომარეობა იმის გამო, რომ პროკურატურას პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან აინტერესებს, როგორ გაყალბდა არჩევნები, როდესაც მთელმა ქვეყანამ, მოსახლეობამ, არასამთავრობოების და საერთაშორისო დამკვირვებლებმა იციან პირდაპირ ეთერში, „ფეისბუქზე“ თუ სოციალურ ქსელში გავრცელებული უამრავი კადრი, უამრავი პიროვნება, რომელიც ჩართული იყო გაყალბებიდან დაწყებული, ძალადობით დამთავრებული. სამწუხაროდ, ის ადამიანები აქ მოსული არ მინახავს, ამიტომ რაღაც შოუს ემსგავსება, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები მოდიან სასამართლოში, კამერების წინ დგანან, რათა მოსახლეობას უთხრან, რომ ესენი მოდიან და ხვალ თქვენც დაგიბარებთ.
ეს არ გამოვა, საბჭოური მენტალობის პროკურატურა და სასამართლო საჩვენებელი სხდომები არანაირად არ გამოვა. როგორც კი შეფასებაზე გადავდიოდი, იმ წუთშივე მაჩერებდნენ, არა, ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთო. როგორც კი სხვა რამეზე გადავიდოდი, რომ შეფასება გამეკეთებინა, რა ხდება ქვეყანაში და რატომ ვართ ამ მდგომარეობაში – არა ეს ჩვენ არ გვაინტერესებსო. აბა, რა აინტერესებთ? ორი სტანდარტია – მე ვთქვი, როცა მიხეილ სააკაშვილი გამოდის და საათ-ნახევარი აქვს საშუალება, ისაუბროს ყველა თემაზე, მეორე ოთახში თურმე მე არ მაქვს უფლება, ვისაუბრო, ისეთ თემებზე, რომელიც ქვეყანას აწუხებს, არჩევნებთან მიმართებით. მე სხვა თემას არ შევხებივარ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.