Reuters-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ბოლო დღეებში კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
სააგენტოს ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედრეობის მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში 4 ნოემბერს დაფიქსირდა.
Reuters-ის წყაროებს არ უთქვამთ, იყო თუ არა მსხვერპლი ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მხრიდან, ასევე არაფერი უთქვამთ დამატებით დეტალების შესახებ.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სამხრეთ კორეის სატელევიზიო არხთან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ ვაფიქსირებთ კონტაქტებს ჩრდილოეთ კორეულ ძალებთან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე კვირაში უფრო მეტი სამხედრო შეტაკება იქნება“.
4 ნოემბერს Financial Times-მა დაწერა, რომ უკრაინულმა ძალებმა პირველად გაუხსნეს ცეცხლი ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დროს.
გამოცემა ეყრდნობა უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა შეტაკების ფაქტი, თუმცა სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
ამ კვირის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში სულ მცირე 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი იმყოფებოდა და დასძინა, რომ რუსეთში მათი საერთო რაოდენობა 11 000-დან 12 000-მდეა.