შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ რუსეთი ცდილობს და ეცდება არჩევნებში ჩარევას.
"რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული ინფლუენსერები ავრცელებენ ყალბ ვიდეოებს და სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, შეაშინონ ამომრჩევლები და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო", - ნათქვამია სადაზვევო სააგენტოების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 4 ნოემბერს გავრცელდა.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება შიშობს, რომ ძირგამომთხრელი საქმიანობა მხოლოდ არჩევნების დღით არ შემოიფარგლება და მომდევნო დღეებშიც გაძლიერდება, განსაკუთრებით მერყევ შტატებში.
სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საფრთხე ირანიდანაც მოდის.
მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთს ადანაშაულებენ მანიპულაციურ ტაქტიკაში მოახდინოს გავლენა აშშ-ის არჩევნებზე. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ყოველთვის იყო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე. თუ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, უკრაინამ, რომელიც იცავს თავს რუსული აგრესიისგან, შეიძლება დაკარგოს სამხედრო დახმარება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის, შეერთებული შტატებისგან.
არჩევნების დღეს, 5 ნოემბერს, პირველი საარჩევნო უბნები ვერმონტში ადგილობრივი დროით 05:00 საათზე გაიხსნება. ბოლო უბნები დაიხურება ჰავაიზე და ალასკაზე 6 ნოემბერს 00:00 და 01:00 საათზე.
შეერთებულ შტატებში 244 მილიონი ამომრჩეველია. არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.