მოლდოვაში, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი.
მოლდოვის ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუ იმარჯვებს ხმათა 54.47 პროცენტით. მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს ხმათა 45.53 პროცენტი აქვს. ბიულეტენების 100 პროცენტია დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალექსანდრე სტოიანოგლოს, რომელმაც 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი დააგროვა.
გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება აძლიერებს სანდუს ამბიციას მოლდოვა გააწევრიანოს ევროკავშირში ათწლეულის ბოლომდე.
„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ერთიანობით შეგვიძლია დავამარცხოთ ის, ვისაც ჩვენი დაჩოქება სურდა“, - თქვა სანდუმ.
Bloomberg აღნიშნავს, რომ სანდუს ხელახალი არჩევა ევროპის აღმოსავლეთ საზღვათან, პროევროპული განწყობის სტაბილურობის ტესტი იყო. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს გამარჯვება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მცდელობის ფონზე, შეაჩეროს ქვეყნის დაახლოება დასავლეთთან.
უნდა აღინიშნოს, რომ სანდუს უპირატესობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებულმა შედეგებმა.
ამ ეტაპზე საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82 პროცენტია დათვლილი, სადაც სანდუმ ხმების 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ 18.11 პროცენტი.