ევროპელი ოფიციალური პირები ემზადებიან შეერთებულ შტატებთან "ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაწყვეტისთვის", თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
სტატიის მომზადებისას, The Washington Post-ი ესაუბრა ევროპის ხუთი ქვეყნის 15 პოლიტიკოსს, დიპლომატსა და ანალიტიკოსს. მათ ისაუბრეს გეგმების შემუშავებაზე "ტრამპისგან უსაფრთხოების შეთანხმებების დასაცავად", მათ შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით.
გამოცემა წერს, რომ ევროპელი ოფიციალური პირები ცდილოდებენ ლობირებას აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების გამოყოფისთვის კიევისთვის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. გარდა ამისა, ნატოს ახალმა ხელმძღვანელობამ შეითავსა პენტაგონის ზოგიერთი ფუნქცია უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის სფეროში.
უსაფრთხოების პოლიტიკის მიღმა, მიმდინარეობს მზადება სავაჭრო სფეროში დრამატული ცვლილებებისთვის, რომელიც უკვე დაანონსა დონალდ ტრამპმა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.
29 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაზრდის ტარიფებს ევროპიდან იმპორტზე, კერძოდ ავტომანქანებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. ევროპელი ლიდერები განიხილავენ ამერიკულ საქონელზე ტარიფების საპასუხო ზრდის იდეას.
გარდა ამისა, ბრიუსელი მუშაობს ვაშინგტონთან თანამშრომლობის სხვა ვარიანტებზეც, კერძოდ სხვა ვარიანტები მოიცავს თანამშრომლობის შეთავაზებას ჩინეთის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის წინააღმდეგ ან იმპორტის გაზრდას შეერთებული შტატებიდან.
The Washington Post-ი წერს, რომ ევროპა კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაშიც ელოდება ვაშინგტონის კურსის ცვლილებას, თუმცა არა იმდენად რადიკალურს, როგორც ეს ტრამპის პრეზიდენტობის დროს იყო. ზოგიერთი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კამალა ჰარისი ბარაკ ობამას კვალს გაჰყვება და შეერთებული შტატების ყურადღებას აღმოსავლეთ აზიისკენ მიაპრობს.
"ჰარისის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ფილიპ გორდონი ევროპის საკითხების ექსპერტია, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის „მდგრად“ მხარდაჭერას. თუმცა, ამავდროულად, ის ასევე ემხრობა „უფრო რეალისტურ გარიგებას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის", – აღნიშნავს გამოცემა.