მედიის ცნობით, ესპანეთის მეფეს ფელიპე მეექვსესა და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, რომლებიც წყალდიდობისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ვალენსიაში იმყოფებოდნენ, ადგილობრივები პროტესტით დახვდნენ და მათ მკვლელები უწოდეს.
ქალაქ პაიპორტუში, სადაც 60 ადამიანი დაიღუპა, ჩასვლისას, მეფე ფელიპესა და პრემიერ-მინისტრს მოქალაქეები დახვდნენ შეძახილებით, „მკვლელებო, მკვლელებო“ და მათი მიმართულებით ტალახი და სხვადასხვა ნივთი ისროლეს.
პოლიცია იძულებული გახდა ჩარეულიყო რამდენიმე ათეული ადამიანის შესაკავებლად.
ერთ მომენტში მეფემ მოქალაქეებთან გასაუბრება სცადა, მაგრამ როცა სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, მცველის დახმარებით ტერიტორიას გაეცალა.
მედია ერთ-ერთი ექსპერტის თანახმად წერს, რომ ესპანეთის წყალდიდობას, რომელმაც ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 214 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შესაძლოა, მეტი ადამიანი გადარჩენოდა, ავტომობილებშ, რომ არ ჩაკეტილიყვნენ.
როდესაც სამაშველო ჯგუფები გადარჩენილთა ძებნას აგრძელებდნენ, გაირკვა, რომ ბევრი ადამიანი სამშაბათს სამსახურიდან სახლში მიდიოდა, როდესაც წყალდიდობამ პიკს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 210 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია ლა მანჩაში დაიღუპა სამი, ანდალუსიაში კი – ერთი ადამიანი. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.