ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელსა და შეერთებულ შტატებს ირანზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმებზე "გამანადგურებელი პასუხით" დაემუქრა.
„მტრები, იქნება ეს სიონისტური რეჟიმი თუ ამერიკა, აუცილებლად მიიღებენ გამანადგურებელ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რასაც ისინი აკეთებენ ირანის და წინააღმდეგობის ფრონტის მიმართ“, - თქვა 85 წლის აიათოლამ. ხამენეის არ დაუკონკრეტებია „პასუხის“ მასშტაბი და დრო.
გასული კვირის ბოლოს ისრაელის საპასუხო თავდასხმის შემდეგ, ალი ხამენეის განცხადება იყო პირველი ოფიციალური რეაქცია ირანის პოზიციების დაბომბვაზე.
ეგრეთ წოდებული "წინააღმდეგობის ფრონტი" მოიცავს ირანთან მოკავშირე გასამხედროებულ ძალებს, მათ შორის ორ რადიკალურ ტერორისტულ დაჯგუფებას: ჰეზბოლას ლიბანში და ჰამასს ღაზის სექტორში.
26 ოქტომბრის ღამეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაბომბვები იყო პასუხი ირანისა და მისი მოკავშირეების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებულ მრავალრიცხოვან თავდასხმებზე.
მეორე დღეს IDF-მა განაცხადა ოპერაციის წარმატებით დასრულების შესახებ, რომლის დროსაც განხორციელდა „ზუსტი დარტყმები“ რაკეტების წარმოების ქარხნებზე, სარაკეტო სისტემებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის არმიის ორი სამხედრო დაიღუპა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ისრაელის თავდასხმა, მაგრამ ზოგიერთ რაიონში იყო "შეზღუდული" დაზიანება.