ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვალენსიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად და ხალხის დასახმარებლად კიდევ 10 ათასი სამხედრო და პოლიციელი გაგზავნეს.
კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 211-ს მიაღწია. ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი დროულად არ გააფრთხილეს საფრთხის შესახებ და უკიდურესად ნელა რეაგირებდნენ იმაზე, რაც ხდებოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ დაზარალებულ რეგიონებში 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ამდენივე პოლიციელი გაემგზავრება.
ამგვარად, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა საერთო რაოდენობა 17,5 ათასი იქნება.
„ჩვენ ვსაუბრობთ სასწრაფო დახმარებისა და არმიის უდიდეს ოპერაციაზე, რომელიც ოდესმე განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან პერიოდში“, - თქვა სანჩესმა.
მან ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფა უწოდა.„ბოლო 48 საათში სახელმწიფო უსაფრთხოების და შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით ავტოფარეხი, სახლი, გზები დაათვალიერეს, ამ დროისთვის მსხვერპლთა რიცხვი 211-მდეა გაზრდილი. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე სერიოზულ წყალდიდობაზე, რომელიც ჩვენს კონტინენტს ამ საუკუნეში უნახავს. ვიცი, რომ პასუხი, რომელსაც გაძლევთ, საკმარისი არ არის. ვიცი, არის სერიოზული პრობლემები და დეფიციტი, რომ ჯერ კიდევ არის დანგრეული სახლები, ტალახში ჩაფლული მუნიციპალიტეტები. სასოწარკვეთილი ხალხი ეძებს ნათესავებს. ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთ სახლებში შესვლა. ვიცი, რომ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, დახმარებას დრო სჭირდება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.