რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბერში მალტაში ჩასვლას გეგმავს, რათა მონაწილეობა მიიღოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაში. იტყობინება რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით.
როგორც რუსეთში მალტის საელჩომ განაცხადა, გადაწვეყტილება 5-6 დეკემბერს მალტაში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ "გავრცელება ორგანიზაციის ყველა წევრზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციაზე". ამასთან, საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია, რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის სანქციები ლავროვის მალტაში ვიზიტის შესაძლებლობაზე. ეუთო-ს სამდივნო აცხადებს, რომ მალტის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ვერაფერს დაამატებენ.
ამრიგად, ლავროვი ევროკავშირის ქვეყანას პირველად ეწვევა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ბოლოს ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანას 2021 წელს ეწვია, როდესაც მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმში გამართულ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე.
ლავროვი, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციების სიაშია, რაც ევროკავშირის ქვეყნებში აქტივების გაყინვას გულისხმობს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, ბრიუსელმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა დაუტოვა. ამის მიუხედავად, 2022 წელს პოლონეთმა, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობდა, უარი თქვა ლავროვის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე, რომელიც ქალაქ ლოძში გაიმართა.
2023 წლის ნოემბერში ლავროვი მონაწილეობდა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიაში. მისი ყოფნის გამო ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა და უკრაინამ უარი განაცხადეს ღონისძიებაზე დასწრებაზე.