უნგრეთი და სლოვაკეთი ახლოს არიან აზერბაიჯანთან შეთანხმებასთან კონტინენტზე ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის სატრანზიტო შეთანხმება წლის ბოლოს ამოიწურება.
Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთის და სლოვაკეთის კომპანიები ახლოს არიან აზერბაიჯანიდან წელიწადში 12-14 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმებასთან. ამით ისინი გამოიყენებენ იმავე მილსადენების ქსელს, რომელიც ამჟამად რუსულ გაზს უკრაინის გავლით ევროკავშირში გადააქვს.
აღნიშნულია, რომ ეს მიწოდებები რეალურად ჩაანაცვლებს იმ მარაგს, რომელსაც ევროპა ამჟამად იღებს სატრანზიტო ხელშეკრულებით.
კონტრაქტი უნდა მოიცავდეს ე.წ. სვოპის ხელშეკრულებას აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ვინაიდან აზერბაიჯანს არ აქვს საკმარისი საექსპორტო შესაძლებლობები არსებული მარაგების ჩასანაცვლებლად.
„გარიგება, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, შეიძლება დაეხმაროს ფასების შეკავებას. ამასთან, ევროკომისია ადრეც აცხადებდა, რომ სატრანზიტო შეთანხმების დასრულების შემდეგ რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება საფრთხეში არ დადგება.სლოვაკეთი და ავსტრია იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც აგრძელებენ რუსული გაზის იმპორტს მილსადენით“, - წერს Bloomberg-ი.
კომერციული ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Socar-ი გაზს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მდებარე კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას მიაწოდებს. უნგრული MVM Zrt. და სლოვაკეთის Slovensky Plynarensky Priemysel AS შემდეგ აიღებს თავის თავზე მართვის პასუხისმგებლობას და მიაწოდებს მას ევროპაში.
„გარიგების თანახმად, უკრაინა გააგრძელებს სატრანზიტო გადასახადების მიღებას მილსადენის ქსელის გამოყენებისთვის, რაც ქვეყანას წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი დოლარს მოუტანს. აზერბაიჯანისთვის შეთანხმება გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირებს ევროპასთან. კასპიის ზღვის ქვეყანა უკვე აწვდის გაზს კონტინენტის რვა ქვეყანას თურქეთზე გამავალი მილსადენით“, - აღნიშნავს გამოცემა.
ომამდე რუსული „გაზპრომი“ ევროპას აწვდიდა თავისი გაზის მესამედზე მეტს, მაგრამ მას შემდეგ რეგიონი მიწოდების დივერსიფიკაციაზე გადავიდა. ევროკავშირი ახლა უფრო მეტად ეყრდნობა სხვა წყაროებს, მათ შორის ნორვეგიას, ჩრდილოეთ აფრიკას, აზერბაიჯანს და თხევად ბუნებრივ აირს მსოფლიო ბაზრიდან.