აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა მზადყოფნა რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები დააწესოს, თუმცა ორი პირობა დაასახელა: ნატო-ს ქვეყნებმა იგივე უნდა გააკეთონ და ასევე შეწყვიტონ რუსეთიდან ნავთობის შეძენა.
ამის შესახებ ნათქვამია „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს ყველა ქვეყნისა და მსოფლიოსადმი გაგზავნილ წერილში“, რომელიც გამოქვეყნდა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
„მზად ვარ, რუსეთს სერიოზული სანქციები დავუწესო, როდესაც ნატო-ს ყველა ქვეყანა დათანხმდება და იგივეს გააკეთებს და როდესაც ნატო-ს ყველა ქვეყანა შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის შეძენას“, - დაწერა ტრამპმა.
მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა“ მნიშვნელოვნად ასუსტებს „მათ მოლაპარაკების პოზიციას და გავლენას რუსეთზე“.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მე მზად ვარ ვიმოქმედო, როცა თქვენ მზად იქნებით. უბრალოდ მითხარით როდის?“ - შეკითხვით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს წევრებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-მ ალიანსის დონეზე ასევე უნდა დააწესოს ჩინეთის წინააღმდეგ 50-100%-იანი გადასახადები, რომლებიც „რუსეთისა და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ მთლიანად გაუქმდება“.
მისი აზრით, ეს „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სასიკვდილო, მაგრამ აბსურდული ომის დასრულებას“.
„ჩინეთს ძლიერი კონტროლი და გავლენაც კი აქვს რუსეთზე და ეს ძლიერი ტარიფები ამ გავლენას ასუსტებს. ეს არ არის ტრამპის ომი [ის არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!], ეს არის ბაიდენის [აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის'] და ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის] ომი.
„მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ ეს შევაჩერო და ათასობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლე გადავარჩინო [მხოლოდ გასულ კვირას 7 118 სიცოცხლე დაიკარგა. სიგიჟეა!],“ - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დარწმუნებით აღნიშნა, რომ თუ ნატო მის ნათქვამს შეასრულებს, მაშინ „ომი მალე დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება“: თუ არა, - თქვენ უბრალოდ ტყუილად კარგავთ ჩემს დროს და შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!” - წერს ტრამპი.