ესპანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტიქია თავს დაატყდა ვალენსიის კასტილია-ლა მანჩისა და ანდალუზიის რეგიონებს. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვალენსიაშია. მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი ვალენსიის პროვინციაშია, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღემატება. საგანგებო სამსახურები დაკარგული მოქალაქეების მოსაძებნად 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. რეგიონში წითელი, მაქსიმალური განგაშის დონე გამოცხადდა. ბლოკირებულია 150-ზე მეტი საავტომობილო გზა. სამივე რეგიონის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
წყალდიდობამ და ღვარცოფმა დაანგრია გზები და ხიდები, წალეკა ხეები და მანქანები. ვალენსიასა და მადრიდს შორის დამაკავშირებელი რკინიგზის მუშაობის აღდგენას, სულ მცირე, სამი კვირა დასჭირდება.
ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
სამაშველო ოპერაციებში ჩართულია ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც დახმარებას უწევენ სამაშველო სამსახურებს.
ესპანელი მეტეოროლოგების ცნობით, ვალენსიაში სულ რაღაც რვა საათში 491 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით წლიურ ნორმას შეესაბამება.
სტიქიის გამო ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.