„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა მოითხოვონ, რომ ამომრჩეველთა სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს.
გიორგი გახარიას თქმით, მათ ცესკო-სგან მოითხოვეს, რომ არჩევნებზე მისული ყველა ადამიანის ბაზა ნეიტრალურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც მოქალაქეს ინდივიდუალურად შეეძლება იმის ნახვა, იყო თუ არა არჩევნებზე, რომელ უბანზე მისცა ხმა და რომელ საათზე.
"ჩვენ მოვითხოვეთ, რომ არჩევნებზე მისული ადამიანების სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ მოქალაქეს, ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები:
მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში
ხმა რომელ უბანზე მისცა
რომელ საათზე მისცა ხმა
დღეს ყველა ეს ინფორმაცია ცესკოს განკარგულებაშია. მათ ამის გაკეთება 1 საათში შეუძლიათ, ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს [...]
ცესკოს შევახსენებ, რომ ბაზების გასაჯაროებას არავინ ითხოვს. საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე [...] ჩემი თავი მე უნდა შევამოწმო. მე ვერ შევამოწმებ სხვას, იყო თუ არა არჩევნებზე. არავინ ამბობს, რომ ერთ ადამიანს სხვა პირის მონაცემების გადამოწმება უნდა შეეძლოს". - თქვა გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, მათ ცესკოს ასევე მიმართეს, რომ იმ ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი მიეწოდებინათ, რომელმაც მათ ელექტრონული აპარატები მიაწოდა. ასევე, ყველა ის ცვლილება, რაც ამ კონტრაქტში შევიდა.
"ეს ინფორმაცია დღეს კი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, კომპანია სმარტმატიკთან კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება. რადგან, შეიძლება, 1 კვირაში, 10 დღეში, 2 კვირაში ან 1 თვეში ჩვენთვის ეს ინფორმაცია მიუწვდომელი გახდეს". - ამბობს გახარია.