მე ვერ ვხვდები, გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რითი არიან უკმაყოფილო, რისი შედეგებით, ვისი შედეგებით, ანუ იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ „ლელოს“ და ბატონ გახარიას. ცესკო-ს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რითი არიან უკმაყოფილო? „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებით არიან უკმაყოფილო თუ გვარამიასი, რისი შედეგებით არიან? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტზე განაცხადა.
„აი, ეს ხომ აჩვენებს, რომ, სინამდვილეში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ოთხივე პარტია. გახარია გვიმტკიცებდა, რომ არა, არც „ნაციო“ და არც ისო და არც ესო, ანუ რაც ეგზიტპოლმა აჩვენა, ზუსტად ის შედეგები აქვს მიღებული ცესკო-ს მხრიდანაც დათვლის შედეგად, რას აპროტესტებს? ვის უპროტესტებს? მათ დააკლდათ ხმები თუ რა მოხდა? ვის უპროტესტებს, საერთო ჯამში? ეს არის საქმე სინამდვილეში, რომ ისინი გულშემატკივრობდნენ და გულშემატკივრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ბირთვს, რომელიც, ასე ვთქვათ, სტრუქტურულად არის და სინამდვილეში ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გუშინ სცენაზე მშვენივრად ერთად ვიხილეთ ყველა. ასე რომ, საერთო ჯამში, ამ ყველაფრის შედეგი არის, რომ ყველაფერი გამოვლინდა და ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.