ოპოზიციამ ვერ შეასრულა მთავარი მიზანი, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ უცხოელი დამკვეთებისთვის და ახლა ვხედავთ კოორდინირებულ კამპანიას, თავს დაესხან ქართველ ამომრჩეველს და წაართვან მათი არჩევანი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასაცილო სანახავი იყო, როცა 26 ოქტომბერს, საღამოს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეცვალათ გუნება-განწყობის ცვლილება.
„სასაცილო იყო, როცა 26 ოქტომბერს, საღამოს ვნახეთ მათი გუნება-განწყობის ცვლილება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, „ედისონ რისერჩმა“ გააყალბა ეგზიტპოლი. ეს ცალკე თემაა, რომელიც ჟურნალისტების თუ სხვების მხრიდან გამოსაკვლევია, რა იდგა ამის უკან – კორუფციული გარიგება, თუ რა იყო. მნიშვნელოვანია, ეს შესწავლილ იქნას.
ხომ იძახეს გაყალბდა, გაყალბდაო, დადგნენ ბრიფინგზე და ვერაფერი თქვეს. თენგო აგიხსნითო, თენგოც გამოვიდა და ვერაფერი თქვა, ეს კადრიც გახსოვთ 4 ნომრის პარტიიდან. რა გაყალბდაო, რომ ეუბნებოდნენ, ვერ საუბრობდა ამაზე, ბოლოს ბატონ თენგოს გადააბარა და თენგომაც ვერაფერი გვითხრა. ასე რომ, „თენგო გაგესაუბრებათ“ ეს ცალკე დარჩება ამ არჩევნებისა და ოპოზიციის სახედ, რომ ამ დონეზე არის დასული ოპოზიცია.
ხომ გაყალბებული იყო? აწყობილი რომ ჰქონდათ სცენა, რატომ არ ავიდნენ იმ სცენაზე და თქვეს, ხალხნო, გაყალბდა არჩევნებიო. რატომ დაშალეს ის სცენა და წავიდნენ. ორის-ნახევარზე ეთერები რატომ შეწყვიტეს და წავიდნენ, დაიძინეს. ხომ ელოდებოდნენ, „ამერიკის ხმა“ და სხვა შემოვა უცხოეთიდანო. ჯერ დათვლილი არ იყო, რატომ არ დაელოდნენ შედეგებს? ორის-ნახევარზე ეთერები შეწყვიტეს, წავიდნენ, დაიძინეს. ასე იქცევა ის ჯგუფი, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ გაყალბდა რამე? რამე რომ გაყალბებულიყო, ან ქართველ ამომრჩეველს რა შეაჩერებდა, ან ოპოზიციას პროტესტისგან, მაგრამ ორის-ნახევარზე წავიდნენ და დაიძინეს ტკბილად, მშვიდად. იციან, რომ ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლოობის გამო. სინამდვილეში, ეს განაჩენია.
43%-იანი სხვაობა როდესაც არის პირველადგილოსან „ქართულ ოცნებასა“ და შემდეგადგილოსანს შორის, ეს არის განაჩენი, რომ ქართველმა ხალხმა ამ ოპოზიციას გასცა პასუხი და სამარცხვინო ადგილი მიუჩინა დემოკრატიულ სივრცეში ყველაფრისთვის: იმისთვის, რომ აპირებდნენ, დაეწესებინათ სანქციები, საქართველოს ინტერესებს ჰყიდიან სხვებზე, აპირებდნენ ქვეყნის ომში ჩათრევას, იტყუებიან მარცხნივ და მარჯვნივ, იმისთვის, რაც მათ პარლამენტში გააკეთეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.