"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, დღეს არჩევანი უნდა გაკეთდეს უცხოეთის აგენტურასა და მთავრობას შორის, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე უნდა მოხერხდეს პოლიტიკის კრიმინალისაგან განთავისუფლება.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ოიმია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით და პოლიტიკა გავასუფთავოთ კრიმინალისგან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსებისა ზრუნავს და ცდილობს, ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ აგენტურას, უცხო ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენ სამეზობლოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.