„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელ შეკრებას დაესწრო და მათაც, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, დასწრება ვერ შეძლო.
„გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ ქართულ ოცნებას აქვს ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენს შეკრებაზე ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ეს იყო მთავარი გზავნილი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსეული ევროპული მომავალი. მინდა ყველა იმ ადამიანს, მადლობა გადავუხადო, ვინც გუშინ მოვიდა. ასევე, მადლობა მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. მთავარია მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ და 26 ოქტომბერს ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალს, მშვიდობასა და განვითარებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე მოქალაქეთა ნაწილი თითქოს იძულებით იყო მისული, კახა კალაძის თქმით, შეუძლებელია ადამიანი აქციაზე ძალით წაიყვანო.
„შეუძლებელია, რომ ადამიანი ძალით წაიყვანო აქციაზე. ეს არის მათი ბინძური კამპანიის ნაწილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველთვის ასე იქცევიან. ჯერ იყო და ამბობდნენ, ხალხი რეგიონებიდან მოჰყავთო. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის? ისინი არიან ჩვენი პარტიის წევრები, ჩვენი მხარდამჭერები. მათ ბინძურ პროპაგანდას, ბულინგს და შეურაცხყოფას კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.