„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომელიც მან საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიების რესურსი ნულია, მათი წარმომადგენლები ცდილობენ, პოზიცია ქვეყნის გარედან გაკეთებული განცხადებებით გაიმაგრონ.
„ეს ადამიანები არიან გაკოტრებული პოლიტიკურად, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ მხარდაჭერის და თანადგომის, თავისი წრე ჰყავთ - ბევრი კომპრომატებით ჰყავთ დაშინებული, ბევრი ბულინგით, შეურაცხოფით. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან და ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? - მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ. მათი რესურსი ნულია. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ესენი ერთად იმ ადამიანის თანაგუნდელები არიან, ვინც მაგალითად, არ გავიმეორებ იმ სიტყვებს, პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, რადგან უთხრეს, რომ ერთად უნდა იყვნენ. ამ მოცემულობასა და ვითარებაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ, ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დარჩენიათ ისაა, რომ აქვთ მცდელობა, გარედან, იმ განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, პოზიციები გაიმყარონ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.