ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილეობის მისაღებად გამოიწვევს კონფლიქტის ახალ ესკალაციას. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ უკრაინელ კოლეგასთან ანდრიი სიბიჰასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშული პროცესების შედეგად ომი, შესაძლოა აზიის ტერიტორიაზე გააფართოვდეს.
„თუ ეს სიმართლეა - და ჩვენ ვუსმენთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს - მაშინ ასეთ გადაწყვეტილებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, რადგან ეს გამოიწვევს ახალ ესკალაციას. ეს ქმნის რისკს, რომ ომი აზიაში გავრცელდეს“, - თქვა ბარომ.
ბარო ასევე მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის სირთულეებზე მიუთითებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ აღნიშნა, რომ სიტუაცია ქმნის უზარმაზარ საფრთხეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდგომი ესკალაციის, ამჟამინდელი საზღვრების მიღმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არა დაქირავებულებზე, არამედ ჩრდილოეთ კორეის რეგულარულ ქვედანაყოფებზე, რომლებიც გეგმავენ რუსული არმიის მხარეზე ბრძოლას უკრაინის წინააღმდეგ.
„ეს არის ახალი რეალობა და ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს მტკიცე რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტზე და აღკვეთონ ეს“, - აღნიშნა სიბიჰამ.