არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი ადამიანი რამდენი დადის - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტარული გეზი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეში აგდებს.
კალაძის თქმით, დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობა არჩევნების ჩატარებისა და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შემდეგ დალაგდება.
„ერთი არის სიყალბე და ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც აქვთ რეალურად, რაც იყო 2012 წლამდე. მაშინაც იგივე დამოკიდებულება იყო, იგივე მდგომარეობა იყო. ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა. დღეს გვაქვს ქვეყანაში პირიქით სიტუაცია. ქვეყანაში გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია.
ამ მოცემულობაზე გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ეს არის ძალიან დიდი სიყალბე, სიცრუე. ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში, მაგრამ პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა. პირველი მე ვარ პროქართველი და ვატარებ პროქართულ პოლიტიკას. პატივს ვცემთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები დამაზიანებელია ამ ურთიერთობებისთვის. აქაც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი დალაგდება, როდესაც არჩევნები დასრულდება და რუსეთ-უკრაინის ომის გადავა მილევად ფაზაში", - განაცხადა კახა კალაძე.