ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი მარიონეტი პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ გორში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ გაახარა.
"ივანიშვილის განცხადებამ გამახარა, ვიფიქრე, არსებობენ ისეთი პროგრესული ძალები, რომლებიც რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად მზად არიან. მაგრამ ეგრევე, რამდენიმე დღეში, მისი პარტიის გენერალურმა მდივანმა სხვა განცხადება გააკეთა - რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში თავისი სამხედრო ბაზებიდან ჯარი უნდა გაიყვანოს."- თქვა კოკოითმა.
კოკოითმა ტერიტორიულ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ პრეტენზიები აქვთ გუდოსა და თრუსოს ხეობებზე.
დღეს საქართველო მტერია. ისინი ხელს არ აწერენ დოკუმენტებს, არც „სამხრეთ ოსეთთან" და არც აფხაზეთთან. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მაგრამ ვიდრე მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობაზე. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები, სერიოზულად დგას საკითხი ჩვენთან გუდოსა და თრუსოს ხეობებზე, რადგან ეს ტერიტორიები ჩვენია. საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყვნენ გამოეყოთ 10 მილიარდი ევრო და სოხუმი ახალ მონაკოდ ექციათ, მოდი თავიანთი საქართველო აქციონ მონაკოდ და ჩვენ რუსეთთან ერთად როგორმე გავერკვევით", - თქვა კოკოითმა.