ჩემი მტკიცე მოლოდინია, რომ ევროპარლამენტი პატივს სცემს ქართველი ხალხის მიერ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს - წერია ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაში, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ პრესამსახურმა გაავრცელა.
“ქართველი ხალხი უკვე შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები გამოირჩევა პირადი თავდასხმებითა და ცრუ ნარატივების დამკვიდრების მცდელობებით.
გვახსოვს, როგორ გავოგნდით, როცა ქართული ჯარის კუთვნილი 5 მილიონი ევროს მიმთვისებელი ოლიგარქი დავით კეზერაშვილი მედიამენეჯერად მოგვინათლეს; როგორ გავბრაზდით, როცა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობებთან დაკავშირებით ცრუ ნარატივი ამოვიკითხეთ; როგორი იმედგაცრუებით გაგვეღიმა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების „უცხოეთის აგენტების რეესტრში" აღმოვაჩინეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტების შემუშავებაში თურმე ამერიკელი ლობისტები იყვნენ ჩართული.
თუმცა, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი დღეს მიიღებს, ჩვენს ამ შეგუებულ იმედგაცრუებასაც მნიშვნელოვნად სცდება და როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო - აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია”, - წერია განცხადებაში.