სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს, რის გამოც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს.
"უკვე 16 დღეა, რაც აფგან სადიგოვი, უკანონო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეუღლემ პარასკევს მოინახულა ციხეში და გამიზიარა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია - იმდენად სუსტადაა.
აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს ის 242 დღე შიმშილობდა, რა დროსაც წონაში 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო. მას განუვითარდა მძიმე დაავადებები და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც წინა წელს სწორედ სათანადო რეაბილიტაცია იყო. ხელახალი შიმშილობა მისთვის ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ გადაიტანს ამ პროცესს მისი დასუსტებული ორგანიზმი.
შიმშილობა მისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისა და ყურადღების მიქცევის უკანასკნელი გზაა.
ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - როგორ შეიძლება შენი პირადი ინტერესები ადამიანების სიცოცხლეზე, ღირსებასა და უფლებებზე მაღლა დააყენო? ადამიანი ციხეში ჩააგდეს, მაშინ როცა აზერბაიჯანს ჯერ ექსტრადიციისთვის შესაბამისი სისხლის სამართლის მასალებიც კი არ გამოუგზავნია და არც აფგან სადიგოვისთვის გადაუცია პროკურატურას. მნიშვნელოვანი ჩვენი მედიის აქტიურობა მათი კოლეგის საქმეზე," - წერს მიქელაძე.
აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორი საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა. პოლიციის წარმომადგენლებმა ის 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს მას უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში.