ყველა ყველგან დაწერს რაღაცას, მთავარია, რამდენად ავტორიტეტულია და რამდენად რაიმეს წარმოადგენს ესა თუ ის პუბლიკაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft-ის სტატიაზე, სადაც სტატიის ავტორი წერს: „ბაიდენის აზრით, სწორად გაგებული სუვერენიტეტი არ გულისხმობს ამერიკის სურვილებისთვის წინააღმდეგობას“.
„ეს კითხვა, რომელიც მოდის სამთავრობო მედიებიდან, კიდევ უფრო აჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაში არის პრორუსული მოღალატეობრივი რეჟიმის მდგომარეობა. ვისაც უნდა, ყველა ყველგან დაწერს რაღაცას, მთავარია, რამდენად ავტორიტეტულია და რამდენად რაიმეს წარმოადგენს ესა თუ ის პუბლიკაცია, თორემ ივანიშვილს, პუტინს და ასე შემდეგ, ამ ძალებს რამდენიც გინდათ იმდენი საშუალება აქვთ, სხვადასხვა, აბსოლუტურად უცნობ, არაავტორიტეტულ გამოცემებს დააწერინონ, ის, რაც უნდათ. შევხედოთ იმას, რას წერს „ვაშინგტონ პოსტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“, რომლებსაც აქვთ გავლენა.
ეს დააწერინეს მარგინალურმა გარკვეულმა ძალებმა, რომელიც, შესაძლოა, პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით იყოს, პუტინი ისედაც ეხმარება პროპაგანდისტულად. ვიცით, რომ ამ რეჟიმს ხელს არ ართმევს არავინ, არცერთი ცივილიზებული ქვეყნის ხელმძღვანელი. კითხვები უნდა დავუსვათ ამ რეჟიმს, რატომ მიიყვანა საქართველო ისეთ მდგომარეობამდე, რომ მსოფლიოში ყველა ჩვენს მეგობარს, რომელზედაც დგას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, უზარმაზარი პრობლემა აქვს ამ რეჟიმთან მიმართებით და მათ ხელს არ ართმევენ.
ნათელია, რა მდგომარეობაც არის ჩვენს ქვეყანაში, ხალხს არ უნდა არც სიღარიბე და არც გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც არის ქვეყანაში – ქვეყნის დაცლა, ქვეყნის იზოლაცია. იზოლაცია არ არის ქართველი ხალხის გზა. დღეს არის 27 სექტემბერი, მტრის მიერ სოხუმის დროებით ოკუპირების დღე, ამიტომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში კეთილდღეობა, ნატო-ში მშვიდობიანი გამთლიანება. ეს არის ქართველი ხალხის გზა და არა მტრისთვის ბოდიშის გადახდა სამარცხვინოდ და იაფფასიანი სპეკულაციები, ხალხს თავი მაჩვენო, თითქოს ვიღაცა აკრიტიკებს, მაგრამ ვიღაც მათ მხარეს არის. ივანიშვილის რეჟიმს აქვს მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ვერაფერი გადაარჩენს, რადგან მოსატყუებელი ვინც იყო მთელი 12 წლის განმავლობაში, ყველა მოატყუეს. კარგად იციან მათაც და მათმა პატრონმა პუტინმაც. 26 ოქტომბერს ამ პრორუსულ მოღალატურ რეჟიმს ქართველი ხალხი ხელისუფლებიდან აუცილებლად გაუშვებს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.