ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს და ამ სიაში ცნობილი დიქტატორები არიან, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
გია ჯაფარიძის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" საერთაშორისო კეთროვანია.
"როგორც ცნობილია, პრემიერი გაეროს გენანსამბლეის სესიაზე იმყოფება, რომელიც ყოველ წელს ტარდება. ქართული ოცნების მედიასაშუალებებმა მანამდე გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილია: გენანსამბლეის სესიას მასპინძლობს ნიუ-იორკი და იქ ჩადიან გაეროს წევრი ყველა ქვეყნის მეთაურები. სესიაზე გამოსულან ისეთი პირები, როგორებიც არიან ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი, მადურო, ასადი, ჰუსეინი და სხვები, მათ შორის, სანქცირებული ლიდერებიც.
ბატონი კობახიძე ამ რანგში იმყოფება გენანსამბლეის სესიაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ ქართული ოცნება იზოლაციაში აქცევს საქართველოს და ამის კიდევ ერთი დასტური გახლავთ ის, რომ ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა იმ არასასურველ პირთა სიაში, რომლებიც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, გენასამბლეის სესიის პარალელურად გამართულ ვახშამზე არ მიიწვიეს და ამ სიაში არიან ცნობილი დიქტატორები, როგორიცაა პუტინი, მადურო, ასადი, ჩრდ. კორეის ლიდერი და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელები. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი, რომელიც ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლურია.
აშშ-ს მხრიდან ამას უკვე გაეცა პასუხი იმ სანქციებით, რომელიც დაწესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სანქცირებულ ხელისუფლებას სადმე შეეყვანა სახელმწიფო. "ქართული ოცნების" პირობებში შეჩერებულია ერვოკავშირში გაწევრიანების პროცესი.
"ქართული ოცნება" საერთაშორისო კეთროვანია, "ქართულ ოცნებას" არ ესალმებიან, ხელს არ ართმევენ, ჩვენ კი ვექცევით ისეთ საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სიღარიბეს და სიღატაკეს ჰპირდება, ამიტომ ეს უნდა დასრულდეს 26 ოქტომბერს, როცა ქართველი ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს, ერთიანობით გაიმარჯვებს და უარს ეტყვის ამ მოღალატურ ხელისუფლებას", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.