სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ ეშველება - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ თავისი ქმედებებით და განცხადებებით, სწორედ ოპოზიციას ეხმარება.
„ჯერ იყო გამოგზავნილი მოწვევა, შემდეგ იყო გადაწყვეტილება, რომ როგორმე რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არის, სულს ღაფავს, რომ როგორმე, ამ ქმედებებით, ამ განცხადებებით, დაეხმარონ და წაეშველონ. თუმცა, ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი არ ეშველება", - თქვა კალაძემ.
"პირველების" კითხვაზე, რამ გამოიწვია, შარშანდელის შემდეგ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შეცვლა - კალაძე ხელს სტრატეგიული პარტნიორისკენ იშვერს და ამტკიცებს, რომ შტატების მხრიდან შანტაჟს ჰქონდა და აქვს ადგილი.
ჟურნალისტების შეკითხვაზე თუ რამ გამოიწვია გასული წლის შემდეგ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობის შეცვლა კალაძემ თქვა, რომ თუ რა მოთხოვნები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან ამერიკას, ამაზე ჯერჯერობით არ ისაუბრებს.
„შეიცვალა ის, რომ მოწოდებები გაგრძელდა, მოთხოვნები, შანტაჟები გაგრძელდა, ჩვენ მარტივად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მარტივად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. სხვა ქვეყნის ლიდერებს, რომლებსაც წითელ ხალიჩაზე ხვდებიან, ხელს ართმევენ, მე მტერს არ ვუსურვებ ისეთ შეხვედრებს, ისეთ წითელ ხალიჩებზე სიარულს, ისეთ ხელის ჩამორთმევებს, უკრაინაზე მაქვს მხედველობაში. ამერიკის მოთხოვნები რა იყო, ამაზე მე თავს შევიკავებ, ჯერ არ ვისაუბრებ, რაზე იყო საუბრები, თუმცა თუ ამის საჭროება იქნება, ამაზეც ვისაუბრებთ და ამის მტკიცებულებებიც არსებობს", -განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.