საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო, ცრუ ბრალდებების მიუხედავად, რომელიც, სამწუხაროდ, მეგობრებისგანაც ისმის, ობიექტურ შეფასებებში ქვეყანა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ეკონომიკური განვითარების ტემპებით ევროკავშირის ყველა ქვეყანას უსწრებს.
„ჩვენ ვიღებთ გარე დარტყმებს და სამწუხაროდ, ეს დარტყმები ყველა მხრიდან მოდის უკვე. ჩვენ შეჩვეული ვიყავით ამას რუსეთისგან, ასე გავატარეთ ათწლეულები და ამ პირობებში ვითარდებოდა საქართველო. განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელია, ეს დარტყმები, სამწუხაროდ, მოდის ჩვენი მეგობრებისგანაც. უსამართლო, ცრუ ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, ცრუ ნარატივები, რომლებიც ვრცელდება. ამ უსამართლო გარემოს მიუხედავად, რამდენად ძლიერია ჩვენი ერი, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ რაც უნდა გვაჯანჯღარონ აქედან და იქიდან, ბოლოს, როცა დაიდება ობიექტური შეფასებები, ყოველთვის წინ ვართ. წინ ვართ ინსტიტუციური განვითარებით და ამას ყველა რეიტინგი ადასტურებს, წინ ვართ ეკონომიკური განვითარებით. ევროკავშირის ყველა ქვეყანას ვჯობნით ეკონომიკური განვითარების ტემპებით, პირველი ვართ ევროპაში, მიუხედავად იმისა, რამდენს გვაჯანჯღარებს ყველა. ამ გარემოში რომ ასეთ შედეგებს ვაღწევთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ერისა და სახელმწიფოს სიძლიერეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.