ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მიემგზავრება. უცნობია, შეხვდება თუ არა ირაკლი კობახიძე აშშ-ის ადმინისტრაციის რომელიმე თანამდებობის პირს. ამასთან დაკავშირებით, თინა ბოკუჩავამ განაცხადა:
"ივანიშვილის ანტიდასავლურმა და ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ გამოიწვია აშშ-ს მხრიდან პირადად მის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. და როდესაც ივანიშვილმა საკუთარი მთავრობა თავად მოაქცია საერთაშორისო იზოლაციაში, ახლა არ უნდა უკვირდეს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვედრებსაც ვერ ნიშნავენ მათ შორის, აშშ-ის ადმინისტრაციაში. ამ საერთაშორისო იზოლაციას დავასრულებთ 26 ოქტომბერს და, ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.