როგორც ჩანს, „ახლები“, „ლელო“ და გახარია 5-პროცენტიან ბარიერს ვერ ლახავენ, ამიტომ გზებს ეძებენ, როგორ შეძლონ საზოგადოების მოტყუება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ არიან ერთი და იმავე, არამედ სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიებიც, „ლელო“ თუ გახარია. ისინიც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არიან. როგორც ჩანს, „ახლები“ 5 პროცენტიან საარჩევნო ბარიერთან შორს არიან, ვერ ლახავენ, როგორც „ლელო“ და გახარია, ამიტომ, ეს ადამიანები გზებს ეძებენ, როგორ შეძლონ საზოგადოების მოტყუება და ამით რაღაც ხელოვნურ გაერთიანებაზე საუბარი. ეს ადამიანები ვერ ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. მათი დავალებების მიმცემებიც ვერ ჩამოყალიბდნენ, რადგან ქართულ საზოგადოებას კარგად ვერ იცნობენ. მათ ერთიანად მძიმე მარცხზე შეგუება მოუწევთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა: „ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ“.