„ოცნების წევრები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრს ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. თავდასხმაში მონაწილეობდა ქართული ოცნების თანამშრომელი თეონა ქარდავა, მითითებებს იძლეოდნენ ოცნების წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ ზუგდიდში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყო ქართული ოცნების დელეგატის დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ.
ქართული ოცნების წევრები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის წევრს ანი წითლიძეს და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს.
თავდასხმაში მონაწილეობდა ქართული ოცნების თანამშრომელი თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც გამოირჩეოდა აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ და მონაწილეობდა ჩვენი ოფისის დარბევაში.
მითითებებს იძლეოდნენ ქართული ოცნების წევრი გია სალია, ქართული ოცნების საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი - დიმა გოგოხია.
თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.
ნაციონალური მოძრაობის წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდნენ მოქალაქეებს და არიგებდნენ საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. მაშინ, როდესაც ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ მთავარ დაპირებად ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას - მათ შორის ქალებს - ფიზიკურად უსწორდება - უკვე დამარცხებულია.
ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.