მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა, მოლაპარაკებები დასრულდება ხვალ, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გახარიას თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, თუმცა არის რაღაც საკითხები, რომლებიც დასასრულებელია.
"[მოლაპარაკებები] ჯერ არ დასრულებულა, ძალიან იმედი მქონდა, რომ ეს დღეს დასრულდებოდა, ჯერ არ დასრულდა, დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა, არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. დღეს აქ არ [ვიტყვი]... დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხება პარიტეტის საკითხს, რომელიც ისე ვერ დალაგდა, თუმცა გამოსავალი ვნახეთ. ეხლა კიდევ არის ცოტა უფრო კონკრეტული საკითხები, რომლებიც ხვალ დღის განმავლობაში, მე იმედი მაქვს, რომ დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული",- განაცხადა გიორგი გახარიამ
მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება.
„ორი დღე მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება. არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა, გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის. ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიით არის განსაზღვრული, რომლებიც ჩვენ გვაქვს – სამუშაო ადგილების შექმნა, პენსიები, ჩვენი სტუდენტების დასაქმება. რაც ყველაზე მთავარია, ემიგრაციის შეჩერება, რომ ქვეყანა გავხადოთ ლიდერი.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. შეხვედრა ხვალ გაგრძელდება უკვე სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. ხვალ, იმედია, ყველაფერს დავამთავრებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.