გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს.
საუბარი მიდის კონსტრუქციულად, 1 საათში დავბრუნდებით - თქვა ხაზარაძემ.
რაც შეეხება გახარიას, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა. 17 სექტემბერს, ხაზარაძე და გახარია ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტთან ერთად გამართეს შეხვედრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო. ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის მორიგი შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართა.