რაც შეეხება ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, ძალიან მძიმე ეპითეტებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთ უპრინციპო ადამიანების ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა.
„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის, ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეს - ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები, წარმოიდგინეთ, ისინი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მოიხსენიებდნენ ძალიან მძიმე ეპითეტებით ერთმანეთს და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას. ასეთ უპრინციპო ადამიანებს და მათ ერთობას ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა. მანამდე იყო ხაზარაძის და ელისაშვილის გაერთიანება, აქაც გახსოვთ, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი ასე შევაფასეთ და შემდეგ მოვიწვიეთ ჩვენთან გუნდში, ვერც ერთ ასეთ ფაქტს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ზოგადად, ოპოზიციას, ოპოზიციაში ათეულობით შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს, მატყუარას და ა.შ და შემდეგ დგებოდნენ ერთად, ერთ პოლიტიკურ პარტიაში. ეს მეტყველებს უპრინციპობაზე და ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ გარე დავალებით. წარმოიდგინეთ, როგორი შეურაცხმყოფელია მათთვის ერთად დგომა ახლა, ასეთი შეურაცხყოფების შემდეგ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. როდესაც ხდები აგენტი, შენ უარს ამბობ პირველ რიგში, ღირსებაზე და ამის გამოხატულებაა ის ალიანსი, რომელიც უნდა შედგეს ამ ორ პოლიტიკოსს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.