ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, "ქართული ოცნების" სიაშია, იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ სებ-ის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა
"საქართველოს ბანკები ჩართულია საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებში და ეს არის ციკლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, არის "ქართული ოცნების" სიაში, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები არ აღსრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლის კუთხით.
საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეექმნება პრობლემა გადმორიცხვებზე, გზავნილებზე საქართველოში, ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასული თიბისი ბანკსა და საქართველოს ბანკს ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალებები, რომელსაც ასრულებს თურნავა და რომელიც დაფასებულია "ქართული ოცნების" რუსული გავლენის მიერ, მისი ოჯახის სიაში ყოფნით, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკონომიკური სექტორი არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ "ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით". განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.