თუ შევძელით და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ეს იქნება ნომერ პირველი ოპოზიციური კოალიცია - ამის შესახებ კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა განსაცდელშია, მე ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, დავეხმაროთ ერთმანეთს ამათ [ქართული ოცნების] დამარცხებაში, ყველამ რაღაცები უნდა გადავდოთ და მარტო ქვეყნის წამოვწიოთ წინ.
ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა, ნომერ პირველი ოპოზიციური კოალიცია, თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
ეს იქნება, ყველაზე დამანგრეველი [ქართული ოცნებისთვის], ბოლოსდაბოლოს შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი (ნაცები, ქოცები), თორმეტი წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას.
უკვე არის ძლიერი საქართველოს სახით არჩევანი, უფრო გაერთიანების, უფრო გამსხვილების შემთხვევაში, კიდევ უფრო ომახიანი იქნება.
ბოლო რამდენიმე წელია სალომე ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისთვის - საერთაშორისო ასპარეზზე, რომ სახე შეინარჩუნა ჩვენმა ქვეყანამ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით მოხდა ეს.
შესაბამისად, მისი როლი ამ ეტაპზეც სწორია და მნიშვნელოვანია და მისი ღია მხარდაჭერა ჩვენთვის იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად სასურველი და ძალიან საჭირო“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში დაპატიჟა. 17 სექტემბერს, ხაზარაძე და გახარია ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ, შემდეგ კი პრეზიდენტთან ერთად გამართეს შეხვედრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ორბელიანების სასახლეში ხაზარაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომელმაც აღნიშნა: „ჩვენი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, ხაზარაძემ ითხოვა დრო. ბევრი რამ ამიტანია და მომავალშიც ავიტან მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს“.